საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვერსია და მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება მოხდება.
მისი თქმით, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციის საკითხი, სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში.
2021 წელს, ასევე, სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები.
კაკაურიძის თქმით, პირველად ვერსიაში, ჯერჯერობით, არ არის გათვალისწინებული პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორი იქნება ეკონომიკური მოლოდინები მსოფლიო მასშტაბით, სწორედ ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ასახვა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.
ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.