საქართველოს პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება

საქართველოს პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, განხილვის პროცესი დღეიდან, კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში დაიწყება, ხოლო 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომრისათვის დასრულდება და მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნდება.

პარლამენტის ბიურო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გრაფიკზე მსჯელობს. დაისვა საკითხი პროექტის გაერთიანებული საკომიტეტო ფორმატში განხილვის თაობაზე.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მლნ ლარით იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული ხარჯები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახება, დაავადების გავრცელების და მაკროეკონომიკური პროგნოზების ანალიზის საფუძველზე.

რაც შეეხება ხარჯებს სამინისტროების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 4 852.0 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით, განათლების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებაზე 199.2 მლნ ლარით მეტია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 415.8 მლნ ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 356.5 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 251.0 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 156.0 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 790.0 მლნ ლარი.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.