„დღეს სახელმწიფო აპარატი ძირითადად აგებულია ნეპოტიზმზე“ - გიორგი ქობულია ეკონომიკური ზრდის ტემპებზე

„დღეს სახელმწიფო აპარატი ძირითადად აგებულია ნეპოტიზმზე“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

აღნიშნულით ის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ არსებული მაჩვენებელი არასაკმარისია.

ამასთან, გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს, რომელთა შორის უმნიშნელვანესია: მიკერძოებული გარიგებები, ნეპოტიზმი და სასამართლოს რეპუტაცია.

“მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ბევრი მტკიცება იგივე ოპოზიციის მხრიდან, რომ 8 წლის განმავლობაში ეკონომიკური პროგრესი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ამის შემოწმება ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია ინტერნეტის და „გუგლის“ მეშვეობით, რომ ნახოს, რა ინდიკატორები ჰქონდა საქართველოს ეკონომიკას, ბოლო 8 წლის განმავლობაში. მე ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროსაც საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ ყოველ წელს იზრდებოდა.

რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ არის ის, რომ დიახ, იყო ზრდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საქართველოს პოტენცილის მქონე ქვეყნისთვის შეიძლებოდა ბევრად მეტის მიღწევა და უფრო დიდი ზრდის ციფრების დადება. თუმცა, ამას ხელს უშლიდა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც არის ძირეული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზები იმისა, თუ რატომ ვერ მოვახდინეთ ამ პოტენცილის რეალიზაცია. თვითონ მართვის სისტემა ხასიათდება რამდენიმე ნიშნით, რომელიც არ უწყობს ხელს ეკონომიკის ზრდას. პირველი - ეს არის წვრილმანი, მიკერძოებული გარიგებები (არ მინდა სიტყვა კორუფციის გამოყენება), შენიანისთვის ხელის შეწყობა სახელმწიფოს მიერ მართულ სხვადასხვა სტრუქტურებში. ეს იქნება სახელმწიფო კომპანიები, ლიცენზიების გაცემა თუ ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი, როდესაც ჩვენს სტრუქტურებში, ისეთებში, რომლებმაც უნდა შექმნან ძალიან დიდი ეკონომიკური დოვლათი (იგივე სახელმწიფო რკინიგზა, სატრანსპორტო სისტემები და შ.), თქვენ გაქვთ არაეფეტურობა რესურსის განაწილების თვალსაზრისით. ანუ, თქვენ აძლევთ მას არა იმას, ვინც კარგად გააკეთებს, არამედ ვინც თქვენიანია. ამას მოყვება ის, რომ რესურსი არასწორად გამოიყენება და ის ხალხი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს რესურსი კარგად გამოიყენოს, ეკარგებათ ეს სურვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორს, რომელსაც სურს შემოსვლა ქვეყანაში და ასეთ სიტუაციას ხედავს, ეს სურვილი ეკარგება. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას.

მეორე მომენტია ის, რომ საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიული და კვალიფიციური სახელმწიფო აპარატი. დღეს სახელმწიფო აპარატი ძირითადად არის აგებული ნეპოტიზმზე. ანუ კვალიფიკაციაზე კი არა, ძირითადად დანიშნულია ხალხი, ვინც არის ვიღაცის ნათესავი, მეგობარი. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მიიღოს სახელმწიფო აპარატმა, ის სისწრაფე, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავინახოთ, არის ძალიან არადამაკმაყოფილებელ დონეზე.

ამას ემატემა მესამე ფაქტორი, ჩვენი სასამართლო სისტემის რეპუტაცია. მე ხაზს ვუსვამ რეპუტაციას, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ როგორი სიტუაციაა ახლა, მოვიყვანოთ სტატისტიკური მონაცემი, რამდენი სასამართლო ჩატარდა, როგორი გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, ვამტკიცოთ, რომ ჩვენი სისტემა კარგად მუშაობს, მაგრამ აქ რეპუტაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც არის დაზიანებული“,-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ნინი ქეთელაური