ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნები დაამტკიცა.
როგორც ფინანსთა მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს მასში ჩართული ყველა აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორთან, ასევე აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების მფლობელთან თამაშობების ორგანიზებისთვის/მიწოდებისთვის გამოყენებული/გამოსაყენებელი პროგრამული უზრუნველყოფისა და აღჭურვილობის აქტივობის კონტროლი.
მონაცემები, რომლებიც კონტროლდება და გენერირდება სისტემის მეშვეობით, უნდა მოიცავდეს მათ შორის ინფორმაციას: ობიექტ(ებ)ის და მათში განთავსებული სათამაშო აპარატების რაოდენობის; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომუშავე სათამაშო აპარატების რაოდენობის (ობიექტების მიხედვით); განთავსებული ფსონების ჯამური თანხის; მოთამაშეებზე ჯამურად გაცემული მოგების შესახებ და ა.შ.
ამასთან, ბრძანების თანახმად, სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში. ამასთან, უნდა ჰქონდეს ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში ყოველი კონკრეტული ტრანზაქციის ან ტრანზაქციების ჯგუფის შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას.