ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე თბილისის ცენტრალური პარკი განთავსდება.
ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. თბილისის მერის განცხადებით, პარკის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ასევე „ქართუ“ მიიღებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ფონდის ფინანსური მაჩვენებლები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად ანგარიშგება ფონდს გამოქვეყნებული არ აქვს. თუმცა, მის შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია, „ქართუ ჯგუფის“ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში. ქართუ ჯგუფს 2019 წლის მონაცემები ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული შესაბამისად, გთავაზობთ იმ ინფორმაციას, რაც ფონდის შესახებ ჯგუფის 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში იყო მითითებული.
როგორც „ქართუ ჯგუფის“ ანგარიშგებიდან ირკვევა, „ფონდი ქართუ“ 1995 წელს დაარსდა. დოკუმენტის თანახმად, ფონდის ერთადერთ დამფუძვნებელს წარმოადგენს სს „ქართუ ჯგუფი“. ამასთან, როგორც ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯგუფი, ფონდის შედეგების კონსოლიდირებას არ ახდენს, არის ის, რომ მისი ფუნქციონირების მიზანი არ არის მოგების გამომუშავება.
2018 წლის ბოლოს ფონდის მიერ მიღებული დაფინანსება იყო 92,499 მლნ ლარი; ხოლო გაცემული დაფინანსება და ხარჯები - 144,209 მლნ ლარს შეადგენდა. აქედან,საქველმოქმედო დონაციები 142,385 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფონდის აქტივები 1,620 მლნ ლარს შეადგენდა.
ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და როგორც ცნობილი გახდა, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი. ამასთან, პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.