„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ კახეთის 8 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ.
დოკუმენტის მიხედვით, კვლევაში მიმოხილულია 51 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა, რომლებმაც, 2013-2020 წლებში, 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, ამ მუნიციპალიტეტებში, ხშირია ახალდაფუძნებული და გამოუცდელი კომპანიების მიერ მოგებული უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები, რომელთა ღირებულება მრავალჯერ აღემატება კანონით დადგენილ 5000-ლარიან ზღვარს, რომლის მიღმაც, რეკომენდებულია, შემსყიდველმა გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი;
დოკუმენტის მიხედვით, ასევე ზოგ შემთხვევაში იკვეთება მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგებების ნიშნები.
კვლევაში მოცემული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების აბსოლუტური უმრავლესობა უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს; გზების მოასფალტებას; წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას; გარე-განათებებს. დოკუმენტში აღნიშნული მომსახურებების ძირითადი შემსყიდველები კი მუნიციპალიტეტების მერიები; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდია.
„კვლევამ გამოკვეთა „მბრუნავი კარის” პრობლემის აქტუალობა კახეთის მუნიციპალიტეტებში: არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი თანამდებობის დატოვებიდან მალევე აფუძნებს კომპანიას და იწყებს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მიღებას იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობას იკავებდა. კვლევაში, ასევე, მოყვანილია ისეთი საწარმოები და ფიზიკური პირები, რომელთა პირდაპირი კავშირი მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან გამოკვეთილი არ არის, თუმცა რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ კომპანიებს აერთიანებს შესყიდვებში მონაწილეობის შემდეგი მეთოდები.
კომპანიები შესყიდვების მიღებას დაფუძნებიდან მალევე იწყებენ ან დაფუძნებიდან მრავალი წლის განმავლობაში პასიურ მდგომარეობაში არიან და შესყიდვებს გამოცდილების დაგროვების გარეშე იღებენ. კომპანიების უმრავლესობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას პირდაპირ გამარტივებული შესყიდვების მიღებით იწყებს. შემსყიდველი ორგანოები გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად, როგორც წესი, უთითებენ “გადაუდებელ აუცილებლობას”, თუმცა, ამ გარემოებას საკმარისად ვერ ასაბუთებენ. ხშირ შემთხვევაში, დასაბუთების ტექსტები ერთმანეთის იდენტურია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
დოკუმენტის მიხედვით, 17 კომპანიისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში გამოიკვეთა პირდაპირი ან ირიბი კავშირი მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან;
„52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი - რამდენიმე დღეში; რიგ შემთხვევებში, ტენდერში დაბალი ფასის შეთავაზებით გამარჯვებულ კომპანიებს შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულების დადების შემდგომ ეზრდებათ; თელავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ქოჩიშვილის ყოფილმა კომპანიამ, 2015-2019 წლებში, ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარი მიიღო; თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილის, ზურაბ სვიმონიშვილის ორმა კომპანიამ - შპს “ბილდინგმა” და შპს “ნიუ ბილდინგმა” 2013-2020 წლებში 1.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო; საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანია კვლავ იღებს გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან და მისმა შემოსავალმა 2018-2020 წლებში 1.7 მილიონ ლარს გადააჭარბა;
გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის სიმამრის კომპანიამ 2015-2020 წლებში 12.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან;
შპს “თბილსერვის ჯგუფის” ყოფილი დირექტორის, თორნიკე შიოლაშვილის მიერ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან 1 თვის შემდეგ დაფუძნებულმა კომპანიამ 72 მილიონი ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო 2014-2020 წლებში;
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ზურაბ შავბალახაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ყვარლის მუნიციპალიტეტისგან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს;
ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა გელაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ დაფუძნებიდან 1 კვირაში 2 გამარტივებული შესყიდვა მიიღო;
ლაგოდეხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ხუციშვილის ძმის კომპანიამ 300 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან;
სიღნაღის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ნოდარ ბაკაშვილის დაფუძნებულმა კომპანიამ 890 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან;
ახმეტის მერის მოქმედი მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის მეგობარმა - ინდ. მეწარმე ბექა ონიაშვილმა 1.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტისგან 2015-2020 წლებში;
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, არსენ ბუღრიძის ცოლის ძმის კომპანიამ 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებისგან;
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კადრების განყოფილების უფროსის, ემზარ პაქსაძის მიერ 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ 700 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა და 232,753 ლარის ღირებულების ტენდერი მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტში 2019 წელს.
შედეგად, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციის სისტემურ პრობლემასთან“, - ნათქვამია კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ კვლევაში მოყვანილი ფაქტები, სადაც იკვეთება სავარაუდო კორუფციისა და კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პირდაპირი ნიშნები.
„ასევე, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს, იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, დახვეწონ შესყიდვების მეთოდები, თითოეული შესყიდვის პროცესში გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები და გაასაჯაროონ ინფორმაცია ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორების შესახებ.
აუცილებელია, თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას თან ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს“, - ნათქვამია კვლევაში.