დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ რეგულაციებს დაგვიანებულ, მაგრამ სწორად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
როგორც დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერ ახალგაზრდას ნებისმიერი ციფრების შეტანით აზარტული თამაშების ანგარიშის გახსნა შეეძლო, ახლა კი ფინანსთა სამინისტრომ მათი კამპანიის მუდმივი წნეხის შედეგად, შემოიტანა სწორი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნება პირადი მონაცემების შეტანა.
,,თქვენ ქუჩებში რომ ვეღარ ხედავთ სათამაშო რეკლამების ბილბორდებს მასიურად, ეს არის ჩვენი კამპანიის „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ბრძოლის დამსახურება. მოზარდებისთვის ცხელი ხაზის გახსნა ჩვენი პირდაპირი მოთხოვნა იყო. ბავშვებზე და ინტერნეტზე აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება ესეც ჩვენი კამპანიის დამსახურებაა. წინა კვირას, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო რეგულაცია რომელიც არის წინგადადგმული ნაბიჯი აზარტული თამაშების რეგულირების საკითხში. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არ იყო საჭირო რეალური პირადობის მოწმობის შეტანა იმისათვის, რომ გაგეხსნათ აზარტული თამაშებისთვის ანგარიში ონლაინ. ნებისმიერ ბავშვს ნებისმიერი ციფრების შეტანით შეეძლო გაეხსნა აზარტული თამაშების ანგარიში.
ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი კამპანიის მუდმივი წნეხის შედეგად, შემოიტანა სწორი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნება პირადი მონაცემების შეტანა და ეს მონაცემები გადამოწმდება ფინანსთა სამინისტროს მიერ. როდესაც იქნება დიდი მოძრაობა ანგარიშზე 3000 ლარის ზევით, ასეთი ანგარიში მოხვდება ფინანსთა სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ. ის, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური პირადობა, რეალური ტელეფონის ნომერი და ეს ყველაფერი სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა აღირიცხებოდეს, ეს არის დაგვიანებული მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.