ეს ბიუჯეტი არის გულარხეინად შედგენილი ბიუჯეტი, რისი ქამრების მოჭერა?! ფუფუნების არც ერთი ხარჯი არ არის შემცირებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტში დატოვებულია ისეთი ხარჯები, რომელიც ხელისუფლების ბიუროკრატიულ და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
„ყველა ხარჯი, რომელიც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესინტერესებს ემსახურებოდა, კვლავ არის დატოვებული. 25 მილიონი არის გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილების შესაძენად, იმდენად უნამუსოდ იქცევიან. რისი 20 ლარით პენსიის ზრდა, დიდი ხანია ინფლაციამ შეჭამა ეს 20 ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს არის ნახევარფაბრიკატი, ჯანდაცვის ხარჯები არ არის სწორად დაგეგმილი, თითქოს მეორე ტალღა არც არსებობდეს და ქვეყანაში კატასტროფული სცენარით არ მიდიოდეს საქმე. პანდემიის ხარჯებიც კი არ არის ჩადებული.
ბიუჯეტის ერთმა ფურცელმა ამხილა მეორე ფურცელი - ერთზე წერია ინფლაცია 3 პროცენტი, მეორე ფურცელზე წერია ლარის კურსი 3.3.
აბსოლუტურად სხვა ღირებულება ექნება მასწავლებლის ხელფასსაც, პენსიასაც და ნებისმიერ შემოსავალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაშიც, ეს კურსიც რომ იყოს შენარჩუნებული, რაც საეჭვოა ამ ხელისუფლების პირობებში და ლარი ჩამოინგრევა,"- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისათვის, მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შეიტანა.