„აეროპორტების გაერთიანება“ - როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება

როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება, - ამის შესახებ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ, შესაძლებელია, რიგის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდოს.

„ამჟამად კვირაში ერთხელ რიგის მიმართულებით განახლდა რეგულარული ავიამიმოსვლა, მიმდინარეობს მსჯელობა სხვა მიმართულებით რეისების აღდგენაზე, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე რა იქნება და როგორ იქნება ჯერ არ ვიცით. როგორც კი ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას, რეისები ახალი მიმართულებებით დაემატება და რიგის მიმართულებით დანიშნული ავიარეისების სიხშირეც გაიზრდება. ეს დამოკიდებულია საქართველოში და ასევე, ევროპაში არსებულ ეპიდვითარებაზე“, - აღნიშნავენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

ცნობისთვის, 6 თვიანი პაუზის შემდეგ, 4 ოქტომბერს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.