საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა იწყება

საქართველოში კაკლის ყველაზე დიდი ინტენსიური ბაღი „აგროვიას“ ეკუთვნის, რომელმაც 2015 წელს გურჯაანში 165 ჰექტარზე ჩინდლერის ჯიში გააშენა. East fruit-ის ინფორმაციით, ბაღის ფართობმა უკვე 210 ჰექტარს მიაღწია, წელს კი, კომპანია კიდევ დამატებით 65 ჰექტარის ათვისებას გეგმავს.

მოთხოვნიდან გამომდინარე, მწარმოებლები აქცენტს გადამუშავებაზეც აკეთებენ. კომპანიის დამფუძნებლის გიორგი მესხიძის თქმით, რამდენიმე კვირაში ქარხანაში ესპანური ხაზი Obreo დამონტაჟდება, რომელიც კაკალს შეფუთვის კონდიციამდე გადაამუშავებს.

„აგროვია“ უკვე გეგმავს, სპეციალური აღჭურვილობის მიმდინარე სეზონში გამოყენებას. შედეგად, 80-100 ტონა გადამუშავებული პროდუქტი მიიღება. სამომავლოდ კი, კომპანია ამ მაჩვენებელს 1500 ტონამდე გაზრდის.

მცხეთაში კაკლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს კოოპერატივი „იმედიც“.

„პანდემიის გამო, საფრანგეთიდან ტექნიკის დროულად ჩამოტანა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ მონტაჟს ნოემბრისთვის დავასრულებთ. მომდევნო სეზონისთვის კომპანია უკვე სრულფასოვნად შეძლებს საათში 5 ტონამდე კაკლის გაწმენდას, გაშრობას, დანაწევრებას და დახარისხებას“, -განაცხადა მიხეილ ავალიანმა, რომელსაც სოფელ მუხრანში, 25 ჰექტარზე გაშენებული ჩინდლერის კაკლის სახეობის 6-წლიანი ბაღი აქვს. წელს ფერმერი 20 ტონა მოსავლის აღებას გეგმავს.

East fruit-ის ინფორმაციით, 2021 წლისთვის დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კაკლის გადამამუშვებელი საწარმოს ჩაშვება. შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ექნება სეზონზე დაახლოებით, 3000 ტონა კაკალი გადაამუშაოს.

ცნობისთვის, ქვეყანაში ინტენსიური ბაღები შედარებით ახალია, რადგან ის მთავრობის 2014 წლის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა. კერძოდ, საუბარია 2,808 ჰექტარ კაკლის ბაღებზე, რასაც 2025 წელს 12,5 ათასი ტონა მოსავლი უნდა მოჰყვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აღნიშული კულტურის წარმოების მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება. გასულ წელს ქვეყანამ 1.4 მლნ აშშ დოლარის კაკლის ექსპორტი მოახდინა. თუმცა, საქართველოს მსოფლიო ბაზარზე დიდი კონკურენციის პირობებში მოუწევს პროდუქტის რეალიზაცია.

ნინი ქეთელაური