ბრწყინვალებიდან მოკრძალებამდე - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტების სასახლეები

ყოველ სახელმწიფოს ჰყავს მეთაური - იქნება ეს პრეზიდენტი, მეფე, დედოფალი, იმპერატორი თუ სულთანი. შესაბამისად, ყველას აქვს ოფიციალური რეზიდენცია - სადაც ისინი მუშაობენ და ზოგჯერ, ცხოვრობენ კიდეც.

გაგაცნობთ მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტების როგორც ყველაზე გრანდიოზულ, დიდებულ რეზიდენციებს (სასახლეებს), ასევე შედარებით მოკრძალებულ შენობებს. ალბათ, ისიც სათქმელია, რომ ზოგიერთი პრეზიდენტი უძლიერეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობს, მაგრამ მაინც მოკძალებულად ცხოვრობს, ზოგი - პირიქით - სუსტი და ღარიბი ქვეყნის მეთაური მეფურ სასახლეს იშენებს... კიდევ ერთი მომენტი - ზოგიერთი პრეზიდენტის სასახლე ისტორიულ შენობას წარმოადგენს და თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, გარეგნული სილამაზით გამოირჩევა, ზოგი კი, ახლად აგებული სახით..

"თეთრი სახლი" (აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია), ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ შენობას წარმოადგენს. მისი მშენებლობა 1792 წელს დაიწყო, 1800 წელს კი შენობაში აშშ-ის მეორე პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა დაიდო ბინა. მას თავდაპირველად "თეთრ სახლს" კი არა, "პრეზიდენტის სასახლეს", "პრეზიდენტის ვილას" ეძახდნენ. 1811 წლიდან ხმარებაში შედის სახელი "თეთრი პალატა", ხოლო 1901 წელს პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის სპეციალური ბრძანებით შენობას "თეთრი სახლი" ეწოდა. საერთოდ, აშშ-ის პრეზიდენტს მეორე ოფიციალური რეზიდენციაც აქვს - კემპ-დევიდში (მერილენდის შტატში).

kremli-1601986839.jpg

"კრემლის სასახლე" (რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია) თავისი ცნობადობით და პოპულარულობით "თეთრ სახლს" არ ჩამოუვარდება და ქვეყნის მეთაურის მთავარ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. სხვათაშორის, მოსკოვის კრემლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. რუსეთის პრეზიდენტს კიდევ 4 რეზიდენცია აქვს - "ნოვო-ოგარიოვო" (მოსკოვთან ახლოს, ოდინცოვოს რაიონში), "ვალდაი" (ნოვგოროდის ოლქში), "ბოჩაროვ რუჩეი" (სოჭში).

"ელისეის სასახლე" (საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია). პარიზში მდებარე ელისეის სასახლე აგებულია ფრანგული კლასიკური სტილით მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი გრაფისათვის, რომელიც შემდეგ ლუდოვიკო XV-მ შეიძინა ჟანა-ანტუანეტა მარკიზა დე პომპადურისათვის. 1805 წლიდან ელისეის სასახლეში იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე ცხოვრობდა. შენობა საფრანგეთის პრეზიდენტების ოფიციალურ რეზიდენციას 1848 წლიდან წარმოადგენს. ელისეის სასახლე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

"ბელვიუ" (გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენცია). ბერლინში მდინარე შპრეეს პირად მდებარე სასახლე გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენცია 1994 წელს გახდა. შენობა აგებულია 1785 წელს არქიტექტორ მიქაელ ბოუმანის პროექტით - პრინც ავგუსტ ფერდინანდის საზაფხულო რეზიდენციად. შენობა ნეოკლასიკური არქიტექტურის დიდებულ ნიმუშს წარმოადგენს. მის კედლებში გერმანიის ისტორიისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, მაგალითად, კაიზერ ვილჰელმ IV-ის კორონაცია. სხვათა შორის, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელსაც ნომინალური უფლებები აქვს, ასეთ ძვირფას სასახლეში ცხოვრობს, კანცლერი ანგელა მერკელი კი, რომელსაც პრეზიდენტზე ბევრად უფრო მეტადაა უფლებამოსილი, ჩვეულებრივ ბინაში აღამებს და ათენებს. ბელვიუს სასახლეში ტურისტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის შესვლა აკრძალულია.

kvirinale-1601986877.jpg

კვირინალეს სასახლე (იტალიის პრეზიდენტის რეზიდენცია). შენობა, რომელიც თავდაპირველად რომის პაპის გრიგოლ მე-13-ის რეზიდენცია იყო, რომის ყველაზე მაღალ გორაკზეა აგებული, მისი ფართობი 110 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. კვირინალეს სასახლე თავისი მოცულობით პრეზიდენტების რეზიდენციებს შორის მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. 1583 წელს აგებულ შენობას თავის კედლებში რომის 30 პაპი უნახავს, იტალიის 4 მეფე და 11 პრეზიდენტი. სხვათა შორის, ის ოთახი, რომელიც დღეს იტალიის პრეზიდენტის კაბინეტია, ადრე რომის პაპის საწოლი ოთახი იყო. პრეზიდენტი იქიდან მიმართავს იტალიელებს ტელევიზიით, ულოცავს ახალი წლის დადგომას და ა.შ.

ჰოფბურგის სასახლე (ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენცია). ეს უდიდესი სასახლის კომპლექსი ვენის ცენტრში მდებარეობს. მან თანამედროვე სახე ასი წლის წინ მიიღო, მანამდე კი თითქმის 800 წლის განმავლობაში განიცდიდა მიშენება-დაშენებას, რეკონსტრუქციას და სხვა ტრანსფორმაციას. სასახლეში ავსტრიის პრეზიდენტის გარდა, მთავრობაც მუშაობს და ღიაა ტურისტებისათვის და ჩვვეულებრივი მოქალაქეებისათვის.სასახლეში დაცულია ცნობილი "ჰოფბურგის საგანძური", სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დაათვალიერონ ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხელისუფლების სიმბოლოები, რომელთა ისტორია ჯერ კიდევ რომის წმინდა იმპერიის დროიდან მოდის.

chexeti-1601986933.jpg

"პრაღის გრადი" (ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენცია). პრაღაში მდებარე ეს ციხე-დარბაზი მეათე საუკუნეში აიგო რომანულ-გოთური სტილის არქიტექტურით. მოგვიანებით, რეკონსტრუქციის დროს, აშენდა კომპლექსის ცალკეული შენობები ბაროკოს სტილით. იქ ცხოვრობდნენ მეეფეები და რომის იმპერიის მმართველები. თავის დროზე პრაღის გრადი ევროპაში ყველაზე დიდ ციხე-დარბაზს წარმოადგენდა. 1918 წელს შენობა ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის რეზიდენცია გახდა. სოციალიზმის წლებში მდიდრულად მოწყობილი შენობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის დახურული იყო, ხოლო როცა პრეზიდენტად ვაცლავ ჰაველი აირჩიეს, მან მოსახლეობას კარი გაუღო და ციხე-დარბაზის სიმდიდრე ყველას აჩვენა.

"პრეზიდენტუმალი" (ლიეტუვას პრეზიდენტის რეზიდენცია). ვილნიუსში მდებარე შენობის მშენებლობა მე-14 საუკუნეში დაიწყო, მისი რეკონსტრუქცია და მიშენებ-დაშენება პერიოდულად ხდებოდა. ჯერ ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო, შემდეგ რუსეთის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთის მხარის გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია. როცა ლიეტუვა და ვილნიუსი (ვილნო) პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა, გარკვეულ დროს შენობაში პოლონეთის მმართველი იოზეფ პილსუდსკიც ცხოვრობდა. საბჭოთა ოკუპაციის დროს შენობაში საბჭოთა არმიის ოფიცერთა სახლი განთავსდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მასში მცირე ხანს საფრანგეთის საელჩო იყო (ნაწილობრივ), 1997 წელს კი, რემონტის შემდეგ, სასახლე პრეზიდენტს გადაეცა.

იხილეთ სრულად „კვირის პალიტრაზე"