„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ასევე ადასტურებს იმას, რომ მომავალ წლებშიც მთავრობის წევრებმა ფუფუნებით უნდა იცხოვრონ, ხოლო ხალხი უმუშევარი იყოს და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდეს.
„გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ეს არის 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და „ევროპული საქართველოს“ გეგმის განხორციელება, რომლის მიხედვითაც, უნდა შემცირდეს გადასახადები, 2 მილიარდით უნდა შემცირდეს მთავრობის და ბიუროკრატიის ხარჯები, უნდა გადაეცეს ქონება მთავრობისგან ხალხს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები. უნდა დასრულდეს ეკონომიკური კრიზისი, რათა ამ ქვეყანაში ხალხმა ნორმალურად იცხოვროს და არა მთავრობამ ფუფუნებაში. „ოცნების“ შემოტანილი ბიუჯეტი გახლავთ კიდევ ერთხელ გაჭირვების, უმუშევრობის, სიღარიბის და კარგად მცხოვრები მთავრობის ბიუჯეტი და ამას 31 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ“,-აცხადებს ბაქრაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მლნ ლარით იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები.