"დიდი ალბათობით, ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება: „რემდესევირი“ და მონოკლონური ანტისხეულები"

დიდი ალბათობით, ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება: „რემდესევირი“ და მონოკლონური ანტისხეულები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით მათი გარანტირებული ეფექტურობა, რომ კორონავირუსს კურნავენ, დამტკიცებული არაა. თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, „რემდესევირის“ გამოყენების შედეგად მოსალოდნელია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდება.

„ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესევირს“, რომელიც არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედის მომცემად, იმდენად რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა „რემდესევირი“ და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ. ევროპის ქვეყნები და ჩვენ ვცდილობთ, რაღაც გზებით მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. ორ-სამ კვირაში „რემდესევისი“ ალბათ შემოვა და ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობას, რაც ისედაც მცირეა.

მონკლონური ანტისხეულები კოვიდის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია, გამოცდა დაიწყო აშშ-სა და რამოდენიმე წამყვან ქვეყანაში. საქართველოს მიეცა საშუალება, რომ კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში ყოფილიყო. ახლა ტრენინგები მიმდინარეობს გამოყენების შესახებ და ორ-სამ კვირაში მოგვაწვდიან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საწოლ ფონდს, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, მობილიზებულია 3 000 საწოლი და ყველა პაციენტი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებითაა უზრუნველყოფილი.