ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 31 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 5 ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა.
გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 58 770 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
„ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.