საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედების ფაქტი დაადგინა.
მოკვლევის ფარგლებში მიღებული და დამუშავებული მასალების საფუძველზე დადასტურდა - „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ბათუმის რეგიონალური წარმომადგენლის მხრიდან, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომპანია Caucasian Metals Terminal-თვის, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელება. მოკვლევის პროცესშივე ფაქტი მოპასუხე კომპანიამ დაადასტურა, რაც მათ მიერ თანამშრომლისათვის წერილობითი საყვედურის გამოცხადებაში გამოიხატა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, თუმცა შიდა წესების არსებობა კომპანიას გარე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
ეკონომიკურ აგენტებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირების, აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაევალა - უზრუნველყოს გავრცელებული ცნობების უარყოფა Caucasian Metals Terminal-ისათვის ოფიციალური წერილის გაგზავნის გზით. აღნიშნული ქმედების თაობაზე ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიაწოდოს „სადაზღვევო კომპანია უნისონს“ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს - გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვეში.
კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს დაასრულა- 3 მოკვლევა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, ორში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა - 5 ბაზრის მონიტორინგი, მიმდინარეა - 3. ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა - 1 თანხმობა.