2021 წლისათვის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 55.9%-ის ოდენობით განისაზღვრება. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, 2020 წელს მიმდინარე პანდემიის ფონზე, დეფიციტი 2.5%-დან 8.5%-მდე გაიზარდა, ხოლო ვალის მოცულობა თითქმის 58%-ს მიუახლოვდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვალმა კანონით განსაზღვრულ მშპ-ის 60%-იან ზღვარს არ გადააჭარბოს.
“სწორედ ამიტომ ეტაპობრივად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და შესაბამისად, ვალის მაჩვენებლის შემცირება უნდა დავიწყოთ. მომდევლო წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5.1%-ის ოდენობით. ვალის აღება გვაქვს დაახლოებით 3.1 მილიარდით, თუმცა გვაქვს გასტუმრებაც - 2.6 მილიარდით. საბოლოო ჯამში, 500 მილიონი ლარია, რასაც დამატებით ვალს ვიღებთ. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვალის მაჩვენებელი დაახლოებით 56%-მდე ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 32 005.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 25 078.7 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 6 926.9 მლნ ლარის ოდენობით.