პოლონეთმა „გაზპრომი“ 7,6 მლრდ, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ში“ ჩართული კომპანიები 100 მლნ დოლარით დააჯარიმა

პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა - UOKiK, მიიღო გადაწყვეტილება რუსული „გაზპრომის“ და მასთან კავშირში მყოფი 5 ევროპული კომპანიის დაჯარიმებაზე. UOKiK-ი ამ კომპანიებისგან ითხოვს გაწყვიტონ პარტნიორული ურთიერთშეთანხმება. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ტომაშ ხრუსტნიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხუთ კომპანიას ჯამურად დაეკისრა 385 მილიონი ზლოტის ჯარიმა, რაც 100 მილიონი დოლარის ექვივალენტია, „გაზპრომი“ კი 29 მილიარდი ზლოტით (7,6 მლრდ დოლარი) დაჯარიმდა.

„კომპანიებმა მას შემდეგ, რაც ჩაბარდებათ გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში უნდა შეწყვიტონ კონტრაქტი“, - განაცხადა ხრუსტნიმ და აქვე დასძინა, რომ მათ მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.

პოლონელი მარეგულირებლის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არღვევს პოლონეთის ანტიმონოპოლიურ კანონდებლობას.

აღნშნული იფნორმაციის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციებზე ფასი 1,6%-ით შემცირდა და ცალზე 168,59 რუბლი შეადგინა.

კოკა კვირკველია