„ბოლო წლებში მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უკიდურესი სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ცოტა ზემოთ, მაგრამ პანდემიამ ეს მონაცემები გაგვიფუჭა"

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უკიდურესი სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ცოტა ზემოთ, მაგრამ ახლა ამ პანდემიამ ეს მონაცემები გაგვიფუჭა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავბრუნდეთ იმ ნიშნულზე, რომელიც გვქონდა 2019 წლის დასაწყისში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ქვეყანაში სიღარიბესა და უმუშევრობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მოქალაქეები რაც უფრო მაღალი დისციპლინით დაიცავენ წესებს, ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მეორე ტალღის შედეგები შეფასდება, ეს იქნება დაახლოებით წლის ბოლოსთვის, მთავრობა დამატებითი სოციალური დამხარების შეთავაზების შესახებ იმსჯელებს.

„თქვენ რომ პირბადეს ატარებთ, ეხმარებით იმას, რომ არ შეუმცირდეს მოქალაქეებს შემოსვალი და ეკონომიკის აღდგენა სწრაფად დავიწყოთ, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევინარჩუნოთ ან სწრაფად აღვადგინოთ. რაც უფრო მაღალი დისციპლინით დავიცავთ ელემენტარულ წესებს, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ დღემდე და დღესაც ჩვენ მოვდივართ სხვებთან შედარებით უკეთესად. ეკონომიკის აღდგენაზე ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად, მოქმედებს რამდენად ეფექტურად ვადაპტირდებით ეპიდემიასთან. სულ ვამბობთ, ჩვენ ვართ დღეს ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე“ , - განაცხადა გახარიამ.