ყველა ექიმი, რომელიც კორონავირუსის მართვის პროცესშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ექიმების გარდა, სახელფასო დანამატს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს, შესაბამისი ბრძანება დღეს გამოიცემა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში ეხება ექიმებს, რომლებიც არიან ჩართულები კოვიდკლინიკებში. მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა გათვლა სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც არიან ჩართულები. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებათ. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა და უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, გარდა ამისა, ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც არის თითოეული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.