პანდემიიდან გამომდინარე, დამატებითი ხარჯები ამ ეტაპზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ ვალდებულებების შესრულებისთვის, რაც სახელმწიფომ უკვე აიღო, ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია, თუმცა, ბევრი დეტალის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ, ამიტომ პანდემიიდან გამომდინარე ხარჯები მათ შორის, სოციალური მიმართულებით, ბიუჯეტის პროექტში ჯერ არ დევს.
„ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა საჭიროება იდგება, ბევრი დეტალია, რომელიც უნდა ვიცოდეთ და სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე გვეცოდინება, ვაქცინა არსებობს, თუ უბრალოდ, ტესტებით და მკურნალობის ხარჯებით უნდა გავაგრძელოთ. ერთ- ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის. გარდა ამისა, ოქტომბრის შუა პერიოდში იქნება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის შეხვედრა, სადაც განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები იქნება მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და ჩვენ საშუალება გვექნება ამ შეხვედრებზე დეტალურად ვიმსჯელოთ, რა მოლოდინებია ჩვენთან, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან და ზოგადად, მსოფლიოში. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა და იმას, თუ რა მოთხოვნაა მათ შორის, ჩვენს პროდუქციაზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ამ ყველა ინფორმაციის გაანალიზების შემდგომ, სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში გვექნება საშუალება, რომ რეალური ბიუჯეტი, საბოლოო ვარიანტი ჩამოვაყალიბოთ, სადაც უკვე ასახული იქნება საბოლოო პარამეტრები როგორც მაკროეკონომიკური, ასევე გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვისთვის საჭირო სახსრები, რაც პანდემიას უკავშირდება და ასევე, გვეცოდინება ის თანხებიც, რაც როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით შეიძლება ჩავდოთ.
სოციალური მიმართულებით, ჯამში ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილში არის 4 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი, მხოლოდ პენსიების ნაწილში ზრდა არის 300 მილიონ ლარზე მეტი და ეს თანხა უკვე გათვალისწინებულია, თუმცა, არ არის ჯერ გათვალისწინებული პანდემიიდან გამომდინარე დამატებითი თანხები,"- განაცხადა კაკაურიძემ.