„ბლაუენშტაინ საქართველო“ დედაქალაქში მოძრავი მაღაზიის პროექტს ვერ ახორციელებს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორის მოადგილემ განუცხადა, ამის ძირითადი მიზეზი ის რეგულაციაა, რომელიც თბილისში გარევაჭრობას კრძალავს.
რეგიონებში კი კომპანიამ პირველი მოძრავი მაღაზია ერთი თვის წინ გახსნა. როგორც მეცხოველეობის დარგში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორის მოადგილემ, დავით ხაჟომიამ განაცხადა, პროექტი 28 აგვისტოს ამბროლაურის რაიონიდან დაიწყო, შემდეგი კი, სადაც ხორცის მოძრავი მაღაზია გამოჩნდება - ქუთაისია.
,,ამ ეტაპზე, ახალი ჩაშვებულია ჩვენი ხორცის მოძრავი მანქანების პროექტი, ზუსტად 28 აგვისტოს მარიამობას გამოჩნდა ჩვენი პირველი მოძრავი მაღაზია. ჯერჯერობით მხოლოდ ერთია ასეთი ამბროლაურში, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ დავამატოთ ქუთაისშიც. ამ კუთხით ქუთაისის მერიასთან გვაქვს მოლაპარაკებები და ვათანხმებთ დეტალებს. ნათელი რომ იყოს, რა ტიპის მაღაზიაზეა საუბარი, ეს არის სპეციალიზებული მანქანა ჩვენი სპეციფიკისთვის, შიგნით მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიების დახლ მაცივრები, შესანახი სათავსოები და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარი. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ, რომ იგივე განვახორციელოთ თბილისშიც, რადგან ეს ჩაითვლება გარევაჭრობად და კანონით აკრძალულია“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ხაჟომიამ.
„ბლაუნშტაინ საქართველო“ თბილისში ხორცის მოძრავი მაღაზიების გახსნას 2018 წელს გეგმავდა. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ მაღაზია საბურთალოს რაიონში იმოძრავებდა. თუმცა იმის გამო, რომ ეს პროცესი გარევაჭრობად ითვლება, გარევაჭრობა კი დედაქალაქში აკრძალულია, კომპანიამ დედაქალაქში პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.
ცნობისთვის, „ბლაუენშტაინ საქართველო“ ბაზარზრე 2016 წლიდან არის და მაღაზიებს რაჭაში არსებული ფერმიდან ამარაგებს. ხორცის გარდა კომპანიის მაღაზიაში გაყიდვაშია ხორც-პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.