საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 8-დღიანი საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება ჩაუტარდებათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამიერიდან საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 8-დღიანი საკარანტინო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ. გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს PCR ტესტი იმ შემთხვევაში ჩაუტარდებათ, თუ სწრაფი ტესტის შედეგები საეჭვო იქნება.

„კარანტინში უცხოეთიდან შემოსული ადამიანების შემთხვევაში იცით, რომ მოქმედებს მერვე დღეს ტესტირების პროტოკოლი და მერვე დღეს დაშვებული იქნა უკვე საკმაოდ მაღალი ხარისხის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები. ეს ხალხი რომ არ დაყოვნდეს დიდი ხნის განმავლობაში, მათ შეიძლება ჩაუტარდეთ სწრაფი ტესტი ანტიგენით და თუ უარყოფითი იქნება, რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლდებიან, თუ საეჭვო იქნება ტესტი პასუხი, მაშინ მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ,“- განაცხადა გამყრელიძემ.