„ძალიან ძვირი უჯდება ქალაქს, დღეს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით თანხას იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელიც არ უნდა გაყიდულიყო“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერმა, თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ მაია ბითაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და მიუხედავად იმისა, რომ მიწების ნაწილი უკვე გამოსყიდულია, დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო მესაკუთრეებთან, რომელთა შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არიან.
„დიღმის ტყე პარკი წლების წინ არის გაყიდული და აქ განაშენიანება იგეგმებოდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ადგილობრივი მოსახლეობის და აქტივისტების ჩართულობით, ეს ტერიტორია თავის დროზე გადაურჩა განაშენიანებას, თუმცა კერძო საკუთრება იქ დარჩა. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ფლობენ იქ დიდ ტერიტორიას და ბუნებრივია, გაგვიხარდება ყველა თბილისელს, თუ უსასყიდლოდ დაუბრუნდება, როგორც ყოფილი იპოდრომის ტერიტორია.
მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პოლიტ-კორექტულობიდან გამომდინარე, სახელების და გვარების დასახელებისგან. თუმცა, მოვუწოდებ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ კარგად გაეცნონ იმ მიწების ადგილმდებარეობას, რომელიც არ უნდა გაყიდულიყო წლების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ, გაიყიდა. დღეს კი მილიონები უჯდება ქალაქს ამ ტერიტორიების გამოსყიდვა, იმისთვის, რომ შემდგომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს პროცესი 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა გარკვეულ პერიოდში, 2008-2010 წლებში ძალიან მასშტაბური ხასიათი მიიღო, როდესაც რეკრეაციული სივრცეები იყიდებოდა. მათ შორის არა მხოლოდ საპარკო ტერიტორიები, არამედ უშუალოდ სატყეო ტერიტორიები. რომ არაფერი ვთქვათ, წყნეთის აღმართზე, მთაწმინდისკენ მიმავალ გზებზე, სადაც სატყეო ტერიტორიები იყო და გაიყიდა. დიღმის ჭალების მიწების გამოსყიდვის პროცედურა ჯერ კიდევ წინა მერის დროს დაიწყო და გარკვეული ტერიტორიები დაუბრუნდა თბილისს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება პრაქტიკულად ყველა მეპატრონესთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. თუმცა, ძალიან ძვირი უჯდება ქალაქს, დღეს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით თანხას იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომელიც არ უნდა გაყიდულიყო“,-განაცხადა მაია ბითაძემ.