ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ამერიკელი საზოგადოება პოლარიზებულია საკითხზე, თუ რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება უფრო ეფექტური მმართველი ამერიკის ეკონომიკისთვის. CNN-ის ბოლო გამოკითხვით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებულ ამერიკელთა 50% ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენი უკეთესად გაუძღვება ქვეყნის ეკონომიკას, ხოლო გამოკითხულთა 48%-ის მოსაზრებით, ასეთი კანდიდატი დონალდ ტრამპია.
CNN-ის წინა პერიოდის გამოკითხვით, რომელიც მაისში ჩატარდა, ამერიკელების 54%-ს სჯეროდა, რომ ტრამპის არჩევა უკეთესი იქნებოდა ამერიკის ეკონომიკისთვის, ხოლო 48% კი, ბაიდენის უპირატესობით იყო დარწმუნებული.
რა შეიცვალა გამოკითხვებს შორის რამდენიმე თვეში, რომელმაც დონალდ ტრამპის, როგორც ეკონომიკის მართვის უბადლო ოსტატის იმიჯი ამერიკელთა ნაწილში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა? კითხვაზე მიმომხილველების პასუხია - უმუშევრობის დონის ზრდა, რომელიც 1948 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. ოფიციალური სტატისტიკით, სექტემბერში, უმუშევრობის დონემ აშშ-ში 7.9% შეადგინა.
„მოლოდინი, რომ პანდემიის შედეგად სამუშაო ადგილები დროებით დაიკარგა და მალევე აღდგებოდა, შეზღუდვების შერბილებისთანავე, არ გამართლდა“, - ამბობს CNN-ის ეკონომიკური მიმომხილველი.
ტრამპის რეიტინგის ვარდნის მიზეზი
ტრამპის, როგორც ეკონომიკის საუკეთესო მმართველის რეიტინგის ვარდნის მიზეზების განხილვამდე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამერიკის ეკონომიკის პოლიტიკური კონტექსტი.
შეერთებული შტატების ორივე უმსხვილესი პარტია, დემოკრატიულიც და რესპუბლიკურიც ლიბერალურ იდეოლოგიას ეფუძნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში, თუმცა პარტიების იდეოლოგია ლიბერალიზმის განვითარების ორ სხვადასხვა პერიოდს ემყარება. კერძოდ, რესპუბლიკელების იდეოლოგია მე-19 საუკუნის ლიბერალიზმია, რაც მეტ თავისუფლებას და მცირე მთავრობის კონცეფციას გულისხმობს. ხოლო დემოკრატიული პარტიის იდეოლოგია აგებულია მე-20 საუკუნის ლიბერალიზმის იდეებზე, რომელიც მეტ კეთილდღეობას და თანასწორობას გულისხმობს, თუნდაც მთავრობის ეკონომიკაში ზომიერი ჩარევით.
ბოლო 60 წლის განმავლობაში, ამერიკელი პრეზიდენტებიდან ყველაზე თვალსაჩინო ეკონომიკური წარმატება დემოკრატ ბილ კლინტონს ჰქონდა, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, აშშ-ში 18.6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო საუკეთესო რესპუბლიკელი პრეზიდენტი ამერიკის ეკონომიკისთვის რონალდ რეიგანი იყო, რეიგანის მმართველობისას 16.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ორ პარტიას შორის იდეოლოგიური განსხვავების წარმოსაჩენად პრეზიდენტი ტრამპი მის ოპონენტებს „სოციალისტებს“ უწოდებს, ხოლო დემოკრატები ტრამპს წარმოაჩენენ როგორც მდიდრების დამცველს.
საპრეზიდენტო კანდიდატების ეკონომიკური დაპირებები
ჯო ბაიდენის ეკონომიკური პროგრამით, თუ ის გახდა პრეზიდენტი, აპირებს, „საშუალო კლასის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას“. მის მიერ გაკეთებული განცხადებით, „ამერიკა არ აშენებულა უოლსტრიტელი მდიდრების მიერ, არამედ ქვეყანა საშუალო კლასის ამერიკელებმა ააშენეს“. ბაიდენი საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილების დაპირებას იძლევა, რომლის თანახმად, ფედერალური გადასახადი უფრო პროგრესული გახდება, რითაც მაღალი შემოსავლის პირებს გადასახადი გაეზრდებათ. ბაიდენი სამედიცინო საყოველთაო დაზღვევა „ობამაქეარის“ პროგრამის მხარდაჭერას და სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტების გაზრდას გეგმავს.
პრეზიდენტი ტრამპი ხელახალი არჩევის შემთხვევაში სავაჭრო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების დასრულების პირობას დებს, განსაკუთრებით ჩინეთთან. ტრამპი ხშირად აკეთებს განცხადებას, რომ „ამერიკას სჭირდება თავისუფალი საგარეო ვაჭრობა, თუმცა ჭკვიანური“. ტრამპი მმართველობის პირველივე ვადაში მოხდა ფედერალური გადასახადების შემცირება, ყველა ზომის ეკონომიკური შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, აღნიშნულის შენარჩუნების პირობას ტრამპი ახლაც დებს. ამასთან, მოქმედი პრეზიდენტი აპირებს გააგრძელოს რეგულაციების შემცირების პოლიტიკა.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ პირველ დებატებში ეკონომიკურ საკითხებს კანდიდატები ზოგადად შეეხნენ. ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გასამართ დებატებში შედგება, სადაც ერთმანეთს ვიცე- პრეზიდენტი მაიკ პენსი და სენატორი კამალა ჰარისი შეხვდებიან. მიმომხილველები ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გასამართ დებატებზე, ეკონომიკურ საკითხებზე მეტ არსებით მსჯელობას ელოდებიან, ვიდრე გასული საპრეზიდენტო დებატების დროს იყო.
მოამზადა გოგა თირქიამ