ბრიუსელში ხვალიდან ბარები და კაფეები იხურება

ბრიუსელში, კორონავირუსის გამო, ხვალიდან ბარები და კაფეები ერთი თვით იხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბელგიის დედაქალაქში მოქალაქეებს ღია სივრცეებში ალკოჰოლის დალევაც აეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამშაბათიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები გამკაცრდა, რომლის ფარგლებშიც, ბარები ღამის 11 საათზე იხურება, აკრძალულია 4-ზე მეტი ადამიანის ოჯახში სტუმრობა, კაფეს ერთ მაგიდასთან ჯდომა და ღია სივრცეში შეკრება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბრიუსელში, 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდში, ყოველდღიურად, საშუალოდ, კორონავირუსის 2 466 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, რაც წინა კვირის მონაცემებზე 57%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის, ბრიუსელი, ერთ სულ მოსახლეზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებით, მადრიდის შემდეგ მეორე ადგილზეა.