"მხოლოდ  წინასაარჩევნო, თამასუქებად გაწერილ დაპირებებს ვხედავთ, ეს არის პოპულისტური ბიუჯეტი"

ჩვენ მხოლოდ წინასაარჩევნო, თამასუქებად გაწერილ დაპირებებს ვხედავთ, ეს არის წინასაარჩევნო, პოპულისტური ბიუჯეტი - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტში არ ჩანს ეკონომიკური პრობლემების მოგვარების სისტემური ხედვა.

კობერიძის შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი კრიტიკას ვერ უძლებს.

"საგარეო ვალი, რომელზეც გვენდნენ უცხოელი ფინანსური პარტნიორები და ქვეყნები, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ როგორ უნდა გაიხარჯოს, ამ ბიუჯეტის მიხედვით. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სისტემურ მიდგომას ეკონომიკური პრობლემების მოგვარების და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მხოლოდ ვხედავთ წინასაარჩევნო, თამასუქებად გაწერილ დაპირებებს. როცა დაპირებები ჟღერდება, ეს უნდა იყოს არგუმენტირებული, თუ ამის საშუალება არის, ამას რა სჯობს, სხვა შემთხვევაში, ეს არის წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობა. ბიუჯეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ის არ ასახავს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას და რეალურად არის წინასაარჩევნო პოპულისტური ბიუჯეტი", - განაცხადა კობერიძემ.