"ლელოს" წევრ ლევან კობერიძეს "ქართული ოცნების" შემოწირულობებთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები აქვს.
კობერიძის თქმით, მმართველი გუნდის შემწირველები ძირითადად არიან ის კომპანიები, რომლებიც შემდგომ ტენდერებს იგებენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
"შემოწირულობებთან დაკავშირებით მთავარი კითხვები, რაც ისმის არის ის, რომ კომპანიები და კერძო პირები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს წირავენ მმართველ გუნდს და "ქართულ ოცნებას" ან წარსულში ან მიმდინარე პერიოდში, არიან გარკვეულ ტენდერებში ჩართულები და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მოსარგებლეები ხდებიან, ეს არის პირდაპირი მინიშნება იმის, რომ ყველაფერი თავის ადგილზე არ არის და ეს თემები დეტალურად უნდა იყოს გავლილი და ამ კომპანიების საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი", - განაცხადა კობერიძემ.
ცნობისათვის, "ქართულ ოცნებას“ სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულობა 245-მა სუბიექტმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან - 60 ათას ლარამდე გაიღო.