თბილისის მერიის დაკვეთით, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის" მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების დასრულებამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო, 9 ოქტომბრიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.
"აღნიშნულ პერიოდში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მოქალაქეებს მერიის მიერ დანიშნული მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.