ტირანოზავრ რექსის თითქმის სრული ჩონჩხი, რომლის სიმაღლე 13 მეტრს, სიგრძე 20 მეტრს შეადგენს და 188 ძვლისგან შედგება, სამშაბათს ღამით, კრისტის აუქციონზე 31,8 მილიონი დოლარად გაიყიდა.
აქამდე ნამარხებში ასეთი დიდი თანხა ჯერ არავის გადაუხდია. შეიძლება ითქვას, რომ რექსმა რეკორდი მოხსნა.
T. Rex- ის, (მეტსახელად სტენის) ჩონჩხის საწყისი ფასი 8 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ 20-წუთიანი “ომის“ დროს, ფასი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. “Christie's 20th Century Evening Sale“- მა დინოზავრის ნამარხი 31 847 500 აშშ დოლარად გაყიდა.
ტირანოზავრის ჩონჩხი 1987 წელს პალეონტოლოგმა სტენ საკრისონმა აღმოაჩინა. გაქვავებული ნეშტის დანახვამ პალეონტოლოგი იმდენად აღაფრთოვანა, რომ რექსს ზედმეტსახელად “სტენი“ შეარქვეს.
ჩონჩხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ დაკოტაში მდებარე ჰილსის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტში მდებარეობდა, სადაც მეცნიერებმა იგი საფუძვლიანად შეისწავლეს.
ინსტიტუტის სამეცნიერო და ბუნებრივი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯეიმს ჰისლოპის თქმით, გაქვავებული ნაშთები "ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ.“
ტირანოზავრ რექსამდე წინა რეკორდსმენი იყო მსგავსი ტირანოზავრი სახელად სუ, რომელიც 1997 წელს ჩიკაგოს ბუნების ისტორიის მუზეუმმა 8,36 მილიონ დოლარად იყიდა.
მკვლევარების ვარაუდით, სტენის თავის ქალასა და ხერხემალზე აღმოჩენილი ნაკაწრები იმის მტკიცებაა, რომ თ. რექსი მეომარი იყო. მეცნიერების შეფასებით, დინოზავრი სიცოცხლეში დაახლოებით 16000 ფუნტს იწონიდა.
”მე არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც პირველად შევედი პირისპირ სტენთან, ის კიდევ უფრო დიდი და სასტიკი ჩანდა, ვიდრე წარმოვიდგენდი”.- განაცხადა ჰისლოპმა მედიასთან საუბარში.
როგორც წესი “Christie's New York“ აუქციონს ნოემბერში აწყობს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების გამო აუქციონი ოქტომბრის დასაწყისში დაიგეგმა. Christie's- მა ასევე განაცხადა, რომ დეკემბრის დაწყებამდე კიდევ ერთი მსხვილი აუქციონის მოწყობას გეგმავს.
280,000 მაყურებელი ვირტუალურ გაყიდვას სამშაბათს საღამოს შეუერთდა. იქამდე სტენი გამოფენილი იყო კრისტის ფლაგმანურ მაღაზიაში, მანჰეტენის შუაგულში.