ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.
ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და საგზაო ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
„ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
არსებული გზა დაზიანებული იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსი და გზის თანამედროვე აღჭურვილობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,4 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ამჟამად აღიშნულ მონაკვეთზე 1 ხიდის რეაბილიტაცია და 2 ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.