2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში - 5.7 პროცენტი, კაცებში -6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.
2019 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 5.5 პროცენტით გაიზარდა და 1 161.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 104.5 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.2 პროცენტით), ასევე მშენებლობის (1 641.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.
საქსტატის ცნობით, 2019 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 6.0 პროცენტით და 1 068.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და აჭარის რეგიონი.