სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აუცილებლობაზე საუბარი წლებია მიდის.
მოქმედი ხელისუფლების განცხადებითაც, მათ ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ამ საწარმოთა პრივატიზაცია წარმოადგენს.
ცნობისთვის, 2019 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 352 სახელმწიფო საწარმოა. აქედან, 179 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ასევე, ჩამოთვლილ საწარმოებს ჯამურად გააჩნიათ 75 შვილობილი საწარმო. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში მყოფი 179 საწარმოდან ყველაზე მეტი - 134 ეკონომიკის სამინისტროს მართვაში იმყოფება.
ამასთან, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ლიდერობს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების დარგში მოქმედი საწარმოთა რაოდენობა (352 საწარმოთა რეესტიდან - 87 საწარმო, აქედან 42 ადგილობრივი). ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დარგში მოქმედი საწარმოები ლიდერობენ რაოდენობრივად, თუმცა მათი ჯამური ერთობლივი შემოსავლის წილი საწარმოთა მთლიან ერთობლივ შემოსავალში მერყეობს 1-2%-ის ფარგლებში.
როგორც ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზემოთ აღწერილ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს გააჩნიათ პოტენციალი მათი ROE (ამონაგები კაპიტალზე) ნეგატიური მაჩვენებლიდან გაიზარდოს 5-10%-მდე, რაც ნიშნავს ყოველწლიურად სახელმწიფო საწარმოთა ჯამურ წმინდა მოგებას საშუალოდ 300-500 მილიონ ლარს შორის.
დოკუმენტის თანახმად, სამინისტროში უკვე დაწყებულია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა. რეფორმა ეყრდნობა 5 სვეტს:
საწარმოთა კომერციალიზაცია:
საწარმოებში დაინერგება კორპორაციული მართვის სტანდარტები OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით
განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა
სახელმწიფო დაიწყებს საწარმოთა სტრატეგიულ მართვას;
გაანალიზდება და შემუშავდება ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად