ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღებისთვის კომპანიას უნდა ჰქონდეს მთავრობის დადგენილებით ნებადართულ სფეროებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება. მინისტრის განმარტებით, სტატუსის მიღების მიზნით, კომპანიამ საქართველოს შემოსავლების სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. მაჭავარიანის განმარტებით, შეღავათიანი პირობებით საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე IT და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ისარგებლებენ. მისივე განცხადებით, აღნიშნული კომპანიები საშემოსავლო და მოგების გადასახადის 5-5%-ით დაიბეგრებიან.
„ჩვენ დღეს მთავრობას წარვუდგინეთ დადგენილების პროექტი, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“. ივლისში კანონით დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ცნება და ჩვენ დღეს ამ დადგენილების პროექტით, უბრალოდ, ვადგენთ დამატებით თუ რა საქმიანობებს მოიცავს ის, რა შეზღუდვები აქვს და რა შეღავათები. ეს არის ორი სფერო - IT სფერო და საზღვაო სერვისები. ეს არის საქმიანობები, რომლის განხორციელებას საქართველოს მთავრობა, ამ დადგენილებით, დაბეგვრის ამ რეჟიმისთვის დასაშვებად ცნობს. ახლა რა არის მათთვის შეღავათანი დაბეგვრის რეჟიმი, ეს არის 5% მოგების გადასახადი და ამავე დროს, არის 5% საშემოსავლო გადასახადი ნებისმიერი დაქირავებულ მუშაკზე. არის დამატებითად ხარჯების ნუსხა, რომლითაც ასევე შეუძლიათ, შეამცირონ მოგების გადასახადი - აქ გვაქვს ორი ტიპის ხარჯთან საქმე, ერთი ეს არის საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტის დაქირავებული პირისათვის გადასახდელი ხელფასის ხარჯი, რომელიც სრულად შეუძლიათ გამოიქვითონ ანუ სრულად შეამცირონ მოგების გადასახადი ამ ხარჯით და მეორე არის საერთაშორისო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქციო მომსახურების ხარჯები, ამით შეუძლიათ მოგების გადასახადი შეამცირონ. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ მიიღოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი? უნდა ჰქონდეს დადგენილებით ნებადართულ საქმიანობებში, არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში თუმცა მას უნდა ჰქონდეს 2 წლის გამოცდილება. განაცხადი უნდა გააკეთონ შემოსავლების სამსახურში და მერე განვიხილავთ და მთავრობა მიანიჭებს ამ სტატუსს.“- განაცხადა მაჭავარიანმა.