მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უნდა შევძლოთ, რომ საქართველო განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ მიმზიდველ პლატფორმად, რომელიც გამოიყურება ყველაზე სტაბილურად და სთავაზობს მიმზიდველ საგადასახადო და ბიზნესგარემოს, ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიების, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაზე საუბისას განაცხადა.
როგორც თურნავამ განმარტა, ორი - IT სფეროსა და საზღვაო სერვისების მიმართულებით საქართველო კომპანიებს მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს.
„გვინდა საქართველოში შევქმნათ წინამძღვრები, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ სხვა სახელმწიფოების მაგალითები - მალტის, კვიპროსის და იმ ქვეყნების, რომლებიც სანაოსნო დარგში მიიჩნევიან ლიდერებად. საქართველოსაც აქვს ეს პოტენციალი. მეორე ასეთივე მიმზიდველი, აღმავალი ინდუსტრია არის IT სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და ამასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები. აქაც მინდა ვთქვა, რომ ასეთი შეღავათი, როგორიცაა მოგების გადასახადი 5%, 15%-ის ნაცვლად, საშემოსავლო გადასახადის 5% მისცემს დამატებით ბიძგს რეგიონალურ კომპანიებს, გლობალურ IT კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, ვინც დღეს საქმიანობს ამ სფეროში, მაგრამ „ფრილანსერის“ სტატუსი აქვს. როდესაც ამ წესზე ვმუშაობდით, ამ ინფორმაციამაც კი მისცა ბიძგი რამდენიმე კომპანიას რეგიონში, რომელმაც დაიწყო კონტაქტი იმაზე, რომ საქართველოში გადმოვიდეს. ჯერჯერობით მეტ კონკრეტიკას მოვერიდები, მაგრამ უახლოეს პერიოდში თქვენთვის ეს სიახლეები გახდება ცნობილი. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უნდა შევძლოთ, რომ საქართველო განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ მიმზიდველ პლატფორმად, რომელიც გამოიყურება ყველაზე სტაბილურად და სთავაზობს მიმზიდველ საგადასახადო და ბიზნესგარემოს, ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიების, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან.
ახლა ერთმანეთს დაემთხვა ორი ფაქტორი, ერთი - ჩვენი განუხრელი სტრატეგია, რომ მოვიზიდოთ მეტი ინვესტორი, მეტად მიმზიდველები ვიყოთ და მეორე - გლობალური ბიზნესის საჭიროება, იპოვოს ახალი, ჯერ კიდევ არგამოყენებული პლატფორმები, სადაც ნაკლები დანახარჯებით და მეტი პერსპექტივით გადმოიტანენ თავის ბიზნესებს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ამ ორ სექტორში ვიხილავთ ახალ ინვესტორებს. IT ტექნოლოგიებში გვაქვს უკვე პირველი სერიოზული განაცხადები ჯერ რეგიონიდან და შემდეგ ალბათ, გლობალურადაც იქნება“, - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო დადგენილებაზე, რომელიც კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კომპანიები შეღავათებს ორი - IT სფეროსა და საზღვაო სერვისების მიმართულებით მიიღებენ. საუბარია, რომ საერთასორისო სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15% და 20%-ის ნაცვლად 5% იქნება. სტატუსი რომ მიიღონ, კომპანიებს საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ასევე შესაძლებელია ასეთი კომპანია იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენლობა საქართველოში. გამოცდილების მოთხოვნა აქაც მინიმუმ ორი წელია.