კერძო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაცია „მნათი“ და საბავშვო ბაღების დირექტორები სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ. „მნათის“ დირექტორმა გიგი სისვაძემ და ბაღების დირექტორებმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა იმ ბაღების დაუყოვნებლივ გახსნაა, რომლებიც დადგენილ რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ.
„მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად კერძო საგანმანათლებლო სექტორი დაზარალდა. განსაკუთრებულად დაზარალდნენ ბაღები, რადგან ისინი ბენეფიციარებს ვერ სთავაზობენ დისტანციურ სწავლებას და ა.შ. დაახლოებით 8 თვეა, რაც ეს სექტორი გაჩერებულია და არანაირი შემოსავალი ამ სუბიექტებს აღარ აქვთ. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ სექტემბრიდან სწავლა განახლდებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ბაღებმა მაქსიმალური ფინანსები ჩადეს იმაში, რომ დაეკმაყოფილებინათ ყველა კრიტერიუმი, რასაც კოვიდპანდემიის გაიდლაინები ითვალისწინებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სექტემბერში მაინც არ გახსნეს ბაღები. შეიძლება ითქვას, რომ ეს სექტორი კოლაფსშია მოქცეული და საბოლოოდ ძალიან რთულია დაუბრუნდეს იმ ეკნომიკურ ნიშნულს, რა ნიშნულზეც პანდემიამდე იყვნენ. ძალიან ბევრმა დაკარგა ფართები და ბენეფიციარები.
გარდა ამისა, 12 ოქტომბერსაც გაურკვეველია გავიხსნებით თუ არ გავიხსნებით. სახელმწიფოს ჩვენ გავუგზავნეთ წერილი და ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას. გასათვალისწინებელია ის, რომ ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა და აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები და ამ ეკონომიკურ სექტორს აღმოუჩინოს მხარდაჭერა, რათა შევძლოთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელება და ბიუჯეტში გადასახადების გადახდა“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.