სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეების ბიზნესპროექტს ბანკი დააფინანსებს, სააგენტო მათ საპროცენტო განაკვეთს 3 წლის განმავლობაში თითქმის სრულად დაუფარავს.
„დღეის მდგომარეობით ჩვენთან მოქმედებს პროგრამები მეწარმეობის მიმართულებით. ერთი-ერთი ეს არის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გაფართოვდა და 2 წლის მაგივრად, ახლა უკვე 3 წლის განმავლობაში ვუსუბსიდირებთ სესხის მნიშვნელოვან ნაწილს. ეს არის სადღაც 11%. მე მინდა მივმართო მეწარმეებს (წარმოების, სასტუმროს და კიდევ ბევრი სხვა მიმართულების შემთხევვაში) მივიდეს ბანკში კონკრეტული ბიზნეს გეგმით და როდესაც ბანკი მოახდენს მათი ბიზნეს გეგმის დაფინანსებას, ამის შემდეგ უკვე 3 წლის განმავლობაში, თუ მას საპროცენტო განაკვეთი უწევდა მაგალითად, 12%, აქედან 11 %-ს დავუფარავთ ჩვენ“,- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.