ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაიწყოს ვალის ეტაპობრივად შემცირება და 2-3 წელში მინიმუმ 55%-ს ჩამოსცდეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაიწყოს ეტაპობრივად ვალის შემცირება და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მინიმუმ 55%-ს ჩამოსცდეს.

როგორც დღეს კაკაურიძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განმარტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება როგორც სახელმწიფოში, ასევე კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, მნიშვნელოვნად გართულდება სესხის აღება, გაძვირდება საპროცენტო განაკვეთები.

“ამიტომ მომდევნო ორ წელიწადში აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ 3%-იანი დეფიციტის მაჩვენებელს და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ვალის მაჩვენებელი 55%-ს ქვემოთ ჩამოვიდეს, რათა ნებისმიერ მერყეობაზე 60%-იან კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდეს“, - განაცხადა პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელთან მიმართებაში არის კლებადი ტენდენცია და წლის ბოლოსთვის იქნება 4%-ზე ნაკლები. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტი ბოლო წლებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2-2,5%-ის ფარგლებში გაიზარდა.