პანდემიის დროს საქართველოში 7 იახტა იყიდეს - მინიმალური ფასი 130 ათასი დოლარია

იახტების მწარმოებელმა კომპანია Azimut Yachts-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში 7 იახტა გაყიდა. მაშინ, როცა გასულ წელს, საქართველოში მხოლოდ 2 იახტა გაიყიდა. როგორც Azimut Yachts საქართველოს წარმომადგენლობაში ,,ბიზნესპერესნიუსს“ განუცხადეს, 2021 წლის გაზაფხულისათვის კიდევ 3 იახტაა შეკვეთილი.

Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, გაყიდული იახტების ფასი 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ დოლარამდე მერყეობს.

,,კორონა პანდემიის პერიოდში იახტების გაყიდვის ნამდვილად სოლიდური რაოდენობა დაფიქსირდა. მეტიც, 2021 წლისათვის უკვე შეკვეთილია სამი იახტა, რომელთა ჩამოსვლაც მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უკვე გაიყიდულია 7 იახტა, აქედან 4 უკვე ადგილზეა, ხოლო სამი გზაშია, რომლებიც თვის ბოლომდე ჩამოვა.

საქართველოში გაყიდული იახტების ფასი, 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ-მდე მერყეობს.“-ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.

კომპანიის ხელმძღვანელი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს წარმომადგენლობის წარმატებაზეც საუბრობს. წელს ყოველწლიური იახტების დაჯილდოების ერთ-ერთი ნაწილის ბათუმში ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

“მთლიანი დაჯილდოების საქართველოში გადმოტანა ვერ მოხერხდა, თუმცა მოვახერხეთ, რომ ერთ-ერთი ნომინაცია - დიზაინი, რომელიც იახტების დაჯილდოებისას, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში გადმოვიტანეთ. მართალია დაჯილდოვება გადაიდო, როგორც ჩვენთან, ასევე კანშიც - იახტების ფესტივალი, თუმცა კონტრაქტი ძალაშია ათი წლის ვადით და როგორც კი საერთო რეგულაციებით ეს შესაძლებელი გახდება, ბათუმი უმასპინძლებს ან ღონისძიებას“-განაცხადა მან.

ცნობისთვის, ,,Azimut Yachts” იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე 2 წელია არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას ახდენს.

თამარ მუკბანიანი