ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების ხელმძღვანელობასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
როგორც უწყებიდან იუწყებიან, შეხვედრაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს და მცირე საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესახებ იმსჯელეს.
ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ადგილობრივი ტურიზმის წყალობით ჩატარდა, პანდემიის გამო ტურისტული ინდუსტრია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კვლავაც განიცდის პრობლემებს.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით და კარგად გვესმის ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით კი მცირე საოჯახო სასტუმროების პრობლემები, ვისაც მძიმედ აწევს ბანკების წინაშე არსებული დავალიანება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ამ ბიზნესს და ძალიან ბევრი შეღავათი დაუწესა.
„თუმცა, კარგად გვესმის, რომ ამ ბიზნესებს კვლავაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. სწორედ ამ მიზნით გუშინ წამყვან ბანკებთან, მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გავმართეთ, ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ კვლავინდებურად მოახდინონ იმ სესხების რესტრუქტურირება, რომელიც მცირე საოჯახო სასტუმროებს დაუგროვდათ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები გრძელდება და ჩვენ ყველა კვლავაც გვერდში უნდა დავუდგეთ მათ. ბანკების მხრიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ როგორც კი მცირე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მიმართავენ, მზად არიან, თითოეული კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, განიხილონ სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.