„არავის არ აწყობს გაბანკროტებული სექტორი“ - როდიდან შეძლებენ მცირე სასტუმროები სესხების გადახდას

მცირე ტიპის სასტუმროები უბრალოდ გაკოტრდებიან, თუ ბანკები კიდევ ერთხელ არ გადაუვადებენ სესხებს - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,პოლიტნიუსი“ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ კომერციული ბანკები მოიქცევიან ადექვატურად, რადგან არავის „არ აწყობს გაბანკნოტებული სექტორი“.

,,ეს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბანკები მოიქცევიან ადექვატურად და კიდევ ერთხელ გადაავადებენ სესხებს. რეალურად ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება. განსაკუთრებით, პატარა სასტუმროებს, რომელთაგან თითქმის ყველა დაკეტილია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2021 წლის ივნისამდე მათ გადახდის საშუალება არ ექნებათ. ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ რეალურად მოხდება ეს და ბანკები ისევ გადაავადებენ სესხებს.

ამ წუთას, ყველაფერი დაკეტილია და ტურიზმი გაჩერებული. ამ პირობებში ვერავინ ვერაფერს მოითხოვს მეტს, მთავარი თემა - სესხების გადავადებაა. იმედი გვაქვს, რომ 2021 წლის ივნისამდე ბანკები ამ სესხებს გადაავადებენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, არა მხოლოდ სასტუმროები, ზოგადად ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის პერსპექტივაც კი არსად ჩანს, რომ დასაქმდებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოხდეს მათი სესხების გადავადებაც. ეს ეხება საქართველოს 100 000 მოქალაქეს.

უკვე დამდგარი ფაქტია, რომ ჩვენ ვერ გადავიხდით სესხებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ არც საბანკო სექტორს სჭირდება გაბანკროტებული მსესხებლები. საჭიროა შუალედის პოვნა ინტერესებს შორის და ერთადაა მოსაფიქრებელი, რა უნდა ვქნათ. “- განაცხადა ალავერდაშვილმა.

ცნობისთვის, სესხებს კიდევ ერთხელ გადავადებაზე, დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდება. საკითხთან დაკავშირებით მას ჰქონდა შეხვედრა ბანკებთან, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, მიმართვის შემთხვევაში მცირე და საოჯახო სასტუმროების კონკრეტული საქმეები ინდივიდუალურად განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

თამარ მუკბანიანი