1200-ზე მეტ სასტუმროს საშუალება ექნება ფაქტობრივად, სესხის პროცენტი მთლიანად სახელმწიფომ დაუფინანსოს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
რაც შეეხება სხვა პროგრამებს, მიხეილ ხიდურელის თქმით, ერთ-ერთი ასეთია საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომლითაც უკვე 67-მა პროექტმა ისარგებლა.
„1200-ზე მეტი მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმრო დაფინანსდა. თქვენ იცით, რომ მეორე, მესამე ტალღაში ჩვენ მოვხსენით ლიმიტი. თუ მანამდე 50 ნომრამდე სასტუმროებს ვაფინანსებდით (სულ თავიდან იყო 4-დან 20-ნომრამდე), შემდეგ ლიმიტი საერთოდ მოვხსენით. ეს ნიშნავს იმას, რომ 1200-ზე მეტ სასტუმროს საშუალება ექნება 12 თვის განამავლობაში, სესხის პროცენტის 80% (ანუ ფაქტობრივად, სესხის პროცენტი მთლიანად) სახელმწიფომ დაუფინანსოს. ეს არის ძალიან დიდი შეღავათი და ნამდვილად შეუმსუბუქებს კომპანიებს იმ მდგომარეობას, რომლის წინაშეც ყველა დადგა.
რაც შეეხება სხვა პროგრამებს, რომელიც არ არის ანტიკრიზისული, თუმცა კრიზისმა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა, ერთ-ერთი ასეთი არის საკრედიტო საგანატიო მექანიზმი. ის ბიზნესები, რომლებსაც არ ყოფნის უზრუნველყოფა, რომ გახდნენ ბანკის მხრიდან ადვილად დასაფინანსებლები, სახელმწიფო ახალ სესხებზე 90%-ით შემოდის და გიდებს გარანტიას, რაც ბანკს საშუალებას აძლევს, უფრო თამამად გასცეს სესხი. პროგრამა რამდენიმე თვეა რაც ჩაეშვა და ეს 67-ვე არის მთლიანად ახალი ბიზნესები, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ აქ გვხდება ისეთ ბიზნესები როგორიცაა: კვების ინდუსტრია, რესტორნები, ლითონის წარმოება და ძალიან ბევრი სხვადასხვა დარგი.
ეს არის ახალი პროდუქტი ბიზნესისთვის. ჩემი აზრით, 67 პროექტი არის ძალიან კარგი შედეგი. ამიტომ, რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები ვართ. თუმცა, ვიტყოდი, მეტი პოტენციალი აქვს პროგრამას, იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამას არის ძალიან მასშტაბური ბიუჯეტის მხრივაც და დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მის შესახებ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.