“ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია 2021 წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესში უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების მდგომარეობის გათვალისწინებას ითხოვს.
როგორც ქანთარიამ პარლამენტში, საბიუჯეტო განხილვისას განმარტა, მდგომარეობა ძალიან რთულია, რადგან პანდემიის გამო კონსერვატორიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გადახდისუნარიანობა შემცირებულია და მაღალი რისკის ქვეშ დგას. მისივე თქმით, აღნიშნულ სასაწავლებლებში ძალიან ბევრი ხელშეკრულებით მუშაობს, რომელთა ანაზღაურებაც სტუდენტის მიერ თანხის გადახდაზეა მიბმული.
“უნდა გამოინახოს შესაძლებლობა იმისა, რომ სამივე ამ უმაღლეს სასწავლებელში ეს წელი ნორმალურად გადავიტანოთ. აღნიშნულ სასწავლებლებში 700-მდე ადამიანია, რომელიც ე.წ. შტატგარეშე ხელშეკრულებით მუშაობს. ისინი სწორედ სტუდენტის გადახდაზე არიან მიბმულნი“, - განაცხადა ქანთარიამ ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას.