საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ საქართველოს მხრიდან მმართველმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი პრეზიდენტის არჩევნებში,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, EBRD-ის მმართველთა საბჭომ დახურული კენჭისყრის წესით ბანკის ახალ პრეზიდენტად ოდილ რენო ბასო (Odile Renaud-Basso) აირჩია, რომელსაც ამ დრომდე საფრანგეთის ხაზინის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
„დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა განვითარების პარტნიორმა - ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკმა აირჩია ახალი პრეზიდენტი. მინდა საქართველოს სახელით, ქალბატონ ოდილ რენო ბასოს მივულოცო არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. განსაკუთრებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. დარწმუნებული ვარ, ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია კვლავ დინამიურად გაგრძელდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.