„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება“ - ასე აფასებს „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც IT სფეროსა და საზღვაო სერვისების კომპანიებს გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ. კერძოდ, საერთასორისო სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15% და 20%-ის ნაცვლად, 5% იქნება.
როგორც ავთანდილ კასრაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრსიას განმარტავს, გადასახადების შემცირებით, კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ორიენტირებული იყვნენ განვითარებაზე, შესაბამისად, ქვეყანა მიიღებს უფრო მეტ სტარტაპს და ტექნოლოგიურ სიახლეს.
„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ ჩართული იყო გარკვეულ პროცესში. ამ რეფორმას შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს საქართველოსთვის. არა მხოლოდ, როგორც ცალკე აღებული IT სფეროს მიმართულებით საერთაშორისო კომპანიების ქვეყანაში შემოსვლაში, ქართველების დასაქმებაში მაღალანაზღაურებად სამსახურში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. იმიტომ, რომ რაც მეტი კერძო ინვესტიციაა ამ სფეროში, მით მეტი ინოვაცია და სტარტაპ პროექტი იქნება. შესაბამისად, ვიფქრობთ, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს წაახალისებს.
გარდა ამისა, საერთაშორისო სტატუსის მინიჭებით, იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ქართულ ბაზრაზე, შესაძლებლობა ეძლევათ გაფართოვდნენ, გაიზარდონ. კერძოდ, გადასახადების შემცირებით კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, ორიენტირებული იყვნენ განვითარებაზე, ახალი ბაზრების მოძიებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის ნაწილია, რომ შემცირდა საშემოსავლო გადასახადი. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ხარჯი და მისი დაზოგვით, კომპანიებს რესურსი დარჩებათ განვითარებისთვის, ახალი შეკვეთების, თანაშრომლების მიღებისთვის. რაც მთავარია, მივიღებთ ძალიან ბევრ კომპანიას ამ მიმართულებით.
ამასთან, ჩვენ ველოდებით არაერთი საერთაშორისო კომპანიის შემოსვლას ქვეყანაში“,-აცხადებს ავთანდილ კასრაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო დადგენილებაზე, რომელიც კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კომპანიები შეღავათებს ორი - IT სფეროსა და საზღვაო სერვისების მიმართულებით მიიღებენ. საუბარია, რომ საერთასორისო სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15% და 20%-ის ნაცვლად 5% იქნება. სტატუსი რომ მიიღონ, კომპანიებს საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ასევე შესაძლებელია ასეთი კომპანია იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენლობა საქართველოში. გამოცდილების მოთხოვნა აქაც მინიმუმ ორი წელია.