პანდემიისას მილიარდერთა ქონება 27 პროცენტით გაიზარდა

როგორც შვეიცარიული ბანკი UBS იტყობინება, პანდემიის პერიოდში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება მაღალი ტემპით გაიზარდა. ამასთან, ყველაზე დიდ შემოსავალს ტექნოლოგიური და სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელები ღებულობენ. UBS აკონკრეტებს, რომ მილიარდერთა ქონება აპრილიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში, 27.5 პროცენტით, დაახლოებთ 10.9 ტრილიონ დოლარამდე არის გაზრდილი.

სტატისტიკის შესაბამისად, წინა პიკი 2017 წელს დაფიქსირდა და მაშინ მილიარდერების ჯამური ქონება 8.9 ტრილიონ დოლარს აღწევდა. ორივე შემთხვევაში, ქონების მატებას, გლობალური სააქციო ბაზრის ზრდა განაპირობებს.

UBS-ვე მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 2 189-მდე გაიზარდა, შედარებისთვის, 2017 წლისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია 2 158 მილიარდერს ითვლიდა. და ეს იმ დროს ხდება, როცა მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სია, ბოლო ოც წელიწადში პირველად გაიზრდება.

ყველაზე მაღალი ტემპით (44 პროცენტი), მრეწველობაში მოღვაწე მაგნატთა სიმდიდრე იზრდება. UBS-ის განმარტებით, ამას ის გარემოება განაპირობებს, რომ ბაზრებმა პანდემიით გამოწვეული ვარდნა, აქციების ფასებში უკვე ასახეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფსკერი გადალახულია, რასაც აუცილებლად ზრდა უნდა მოჰყვეს.

UBS-ის მონაცემებით, ტექნოლოგიების სფეროს მილიარდერთა სიმდიდრე 41 პროცენტით არის გაზრდილი. ამ შემთხვევაში, მათი ბიზნესების წარმატებას, მათი კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე და სერვისებზე მოთხოვნის ზრდა უზრუნველყოფს - სოციალური დისტანცირება, ციფრულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. შვეიცარიული ბანკის განმარტებით, ამ სფეროში რამდენიმე თვეში, წლების ევოლუცია „ჩაეტია“.

ასევე იზრდება ფარმაცევტული ბიზნესი, რისი მიზეზიც, წამლებზე მოთხოვნის არნახული მატებაა.

ცალკეულ პიროვნებებს შორის, აღსანიშნავია „ამაზონის“ ჯეფ ბეზოსის (ფოტოზე) და „ტესლას“ ილონ მასკის (ორივე მულტი მილიარდერია) ქონების მატება. ამის მიზეზი, მათი კომპანიების აქციების ფასის სწრაფი ზრდაა.