რაჭაში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ღორების ფერმის გახსნა ოქტომბრის ბოლომდე გადაიდო

ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელმა ქართულ-შვეიცარიულმა კომპანიამ „ბლაუენშტაინ საქართველომ“ პანდემიის გამო ღორების ფერმის გახსნა გადადო.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფერმა, სექტემბრის ბოლოს უნდა გაეხსნა, თუმცა საჭირო ტექნიკის მოწოდება უცხოელმა პატნიორებმა ვერ შეძლეს.

მეცხოველეობის დარგში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორის მოადგილე დავით ხაჟომია ამბობს, რომ შეფერხება დროებითია და იმედოვენებს, რომ ფერმის გახსნა ერთ თვეზე მეტხანს არ გაჭიანურდება.

,,ღორების ფერმა რაჭაში სექტემბრის ბოლოს უნდა გაგვეხსნა. მშენებლობა 98%-ით დასრულებულია, დარჩენილია საბოლოო აღჭურვილობის ტესტირების პროცესი. პანდემიის გამო გადაიდო, სავარაუდოდ, ერთი თვით და ოქტომბრის ბოლოს უკვე გავხსნით. შეფერხებები უკავშირდება სხვადასხვა ტექნოლოგიების ჩამოტანას უცხოეთიდან. ეს პროცესი გაჭიანურდა დროში. ჩვენ სახელმწიფომ შეგვიწყო ხელი შემოყვანაში, მაგრამ საიდანაც უნდა ჩამოსულიყო, იქაც ბევრი რეგულაციაა ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.“-განაცხადა ხაჟომიამ.

აღსანიშნავია, რომ ფერმის მშენებლობისათვის განხორციელებული ინვესტიცია ჯამურად 7 მილიონია.

თამარ მუკბანიანი