სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
„9 ოქტომბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 165,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 28.9 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება; აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 122,000-მდე ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 4,3 მლნ ლარამდე თანხა დაზოგეს; აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარს აღემატება; მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 255 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 12,4 მლნ ლარი; შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2215 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 40 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 3.3 მლნ ლარს აჭარბებს; აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.