"ნულდება საოჯახო სასტუმროების დახმარება. ამ დროს, პირს, რომელსაც კრიზის ფონზეც ბინის ყიდვა შეუძლია, პროცენტს დაუფინანსებენ"

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ფეხებზე დაკიდების“ მიდგომაა, როდესაც პანდემიის ფონზე საოჯახო სასტუმროების დახმარება ნულდება, ხოლო სამშენებლო სექტორს უფრო მეტი დახმარება ეწევათ. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„ეკონომიკის სამინისტროს რაც ედო covid19-ის ხარჯები, ის დაბლა ჩამოდის, დაახლოებით 35 მილიონამდე. ოღონდ, ნულდება საოჯახო სასტუმროების დახმარება. ამ დროს, პირს, რომელსაც კრიზის ფონზეც რომ ბინის ყიდვა შეუძლია, პროცენტს დაუფინანსებენ. ეს, იცით რა განაცხადია? - აი, ხალხო, თქვენს ხარჯზე ახლა ფულს ვაკეთებთ, უკაცრავად გამოთქმაზე, მაგრამ ფეხებზე გვკიდია რას იტყვით. მაშინ, ამიხსენით ეს რაში ჯდება. საოჯახო სასტუმროებს, რომლებიც კრედიტებს ვერ იხდიან მათ ჰქონდეთ ნული, ხოლო სამშენებლო სექტორს, სადაც კალაძის ინტერესია, ისევ ფული?! სად ვცხოვრობთ. ძალიან მძიმე ზამთარი მოდის, როგორც ეპიდვითარების ისე, ეკონომიური ვითარების მხრივ. ბავშვებიც რომ დაიმახსოვრებენ ისეთი მძიმე პერიოდი მოდის. გიორგი, რა შეკითხვა დავსვა არ ვიცი, ორშაბათს შევხვდებით ფრაქციაზე და რაზე ვიკამათოთ, მოგების გადასახადით მე-3 ვართ, თუ 103-ე, ამაზე ვიკინკლაოთ?! გეხვეწებით, არაფერზე მიპასუხოთ“, - მიმართა ზურა ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს.