საექსპორტო ქვეყნებიდან ქართულ ხურმაზე მოთხოვნა წელსაც დიდია  - როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

საქართველოში ხურმის მოსავლის აღება ოქტომბერში იწყება. აღნიშული ხილი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოდის, თუმცა შედარებით დიდი ბაღები კახეთში მდებარეობს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ხურმა ძირითადად საოჯახო მეურნეობებში მოჰყავთ.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ხურმის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. 2019 წელს პროდუქტის მოსავალმა 14,3 ათასი ტონა შეადგინა.

მწარმოებლები ხურმას ძირითადად საექსპორტო პროდუქტად თვლიან და ამბობენ, რომ საქართველოში მის მიმართ მოთხოვნა შედარებით დაბალია. წელს ფერმერებს არაერთგვაროვანი დამოკიდეულება აქვთ როგორც ფასთან, ისე მოთხოვნასთან დაკავშირებით.

დასავლეთ საართველოში, წინა წლებთან შედარებით, მეტ მოსავალს ელოდებიან, რადგან ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი ნაკლებია, თუმცა გარკვეული დაავადებები ისევ პრობლემად რჩება.

იმერეთის რეგიონში, 7 ჰექტარზე გაშენებული ხურმის ბაღების მფლობელი ანზორ მსხილაძე მოსავლის აღებას უკვე იწყებს. როგორც ის east fruit-თან საუბრისას განმარტავს, ხურმის ნაწილი უკვე გაიყიდა და ფასიც დადგენილია. ფერმერი გაყიდული თითო კილოგრამი ხურმიდან 70 თეთრს მიიღებს. მისი პროდუქტი სომხეთისა და რუსეთის ბაზრებზე გაიყიდება.

იმის შიშით, რომ პანდემიის გამო, ხურმაზე მოთხოვნა შესაძლოა, შემცირდეს, ანზორ მსხილაზე ფასთან დაკავშრებით შეთავაზებულ პირველივე წინადადებას დათანხმდა. წელს ის დაახლოებით, 30 ტონა მოსავალს ელოდება, რაც მისი თქმით, 7 ჰექტარი ბაღისთვის სავსებით ნორმალური შედეგია.

დასავლეთ საქარველოში, კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში ხურმის, მათ შორის იაპონური „ხაჩიას“ სახეობის ბაღების მფლობელი ზაზა ხარშილავა ამბობს, რომ პროდუქტის ნერგებზე მოთხოვნა მთელ საქართველოში გაიზადა. მისი თქმით, ქვეყანაში პროდუქტის მიმართ ინტერესი ექსპორტზე მოთხოვნის გამო გაიზარდა. ამასთან, საქართველოში ჩირის ახალი საწარმებიც გამოჩნდა. მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი ხურმის ნერგი გაიყიდა უკრაინაში (25 ათასი ნერგი), აზერბაიჯანსა და სომხეთში.

რაც შეეხება კახეთს, აქ ხურმის ბაღების ნაწილი დაისეტყვა, რამაც რეგიონის მთლიან მოსავლიანობაზე ნეგატიური გავლენა იქონია. ფერმერ რომან ჩხენკელს მოსავლის 60% სწორედ სეტყვამ გაუნადგურა. შედეგად, 12 ჰექტარი ბაღიდან 200 ტონა ხურმას მიიღებს. მებაღის თქმით, წელს პროდუქტის ფასი შედარებით მაღალი იქნება. კერძოდ, ხარისხიანი ხურმის ღირებულება 1, 1 ლარია. მწარმოებელი განმარტავს, რომ ხურმის შენახვა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაბამისად, პროდუქტი აღებისთანავე უნდა გაიყიდოს. მისი თქმით, ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობები საკმარისი რაოდენობით რომ იყოს, ფერემერები მთელ მოსავალს დაუყოვნებლივ არ გაყიდდნენ. მებაღე Fao-ს პროექტის გამარჯვებულია, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს 700 ტონა ტევადობის შემნახავი მეუნეობის გაშენებას შეძლებს.

რაც შეეხება ექპორტიორ კომპანიებს, წელს პროდუქტის ფასის პროგნოზირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. შპს "გლობალ ინვესტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი რაფავა 400 ტონამდე მოსავლის ექსპორტს გეგმავს უკრაინაში, რუსეთსა და სომხეთში. თუმცა მოსავალი ჯერ არ აუღია და არც ფასებია დადგენილი.

შპს „ექსპორტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ზაზა დავითაძე კი, დაახლოებით, 200 ტონა მოსავალს ელოდება და ის უკრაინაში ექსპორტისთვის ემზადება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ქართული ხურმის კონკურენტს აზერბაიჯანი აწარმოებს, რომელიც ექსპორტიორების აზრით, ქართულ ხურმას ხარისხით აღემატება. ზაზა დავითაძე საფრთხეს ხედავს იმაშიც, რომ უკრაინამ თავად დაიწყო პროდუქტის აქტიური წარმოება, რაც მომავალში ქართული ხურმის გაყიდვაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, წელს ქართულ პროდუქტზე კვლავ დიდი მოთხოვნაა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ 8,029 ტონა ხურმის ექსპორტი განახორციელა. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: სომხეთი (4,349 ტონა) უკრაინა (2,741 ტონა) და რუსეთი (794 ტონა).

ნინი ქეთელაური