ერთი წელიწადში ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ რაჭაში რძის პროდუქტების საკუთარი ხაზი ექნება. პროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და ის სრულ სახეს მომავალი გაზაფხულისათვის მიიღებს, ხოლო რძის პროდუქტების ხაზი კომპანიას, მომავალი წლის შემოდგომიდან ექნება. ამის შესახებ ,,ბიზნესპრენიუსს“ მეცხოველეობის დარგში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორის მოადგილემ განუცხადა.
დავით ხაჟომია ამბობს, რომ პროექტის სამშენებლო ნაწილი ჯერ ისევ არ დაწყებულა.
„ჯერჯერობით რძის საწარმოსთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს პროექტირების დაგეგმვა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა დონორებთან. ვაგვარებთ ფინანსურ ნაწილს. პროექტის სამშენებლო ნაწილი ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე დაგეგმარების პროცესში ვართ და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულდება და წლის ბოლოსათვის უკვე გვექნება ჩვენი რძის პროდუქტების ხაზიც.“ - აღნიშნავს დავით ხაჟომია.
ცნობისთვის, კომპანიაში ამ ეტაპზე ხორცს და ხორცპროდუქტებს აწარმოებს და საკუთარ მაღაზიებში ახდენს რეალიზაციას. ჯამურად ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ 70 ადამიანია დასაქმებული.